ქართული სპორტის „დიდებული რვიანი"


1
„დინამო" თბილისი
"Представляю сейчас, что творится в Тбилиси! Ликует столица Грузии!
Ликует вся наша страна!" — ეს სიტყვები, წარმოთქმული 1981 წლის 13 მაისის ღამეს ცნობილი სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ, ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს" ყველა ქომაგისთვისაა ცნობილი.

ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა საბჭოთა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში: თბილისის „დინამომ" გერმანიის „კარლ ცაისი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა თასების მფლობელთა თასის დრამატულ ფინალში და სანუკვარი ჯილდო მოიპოვა. ეს „დინამოს" ჭეშმარიტად ვარსკვლავური საათი იყო!


გადამწყვეტი გოლი, თანაც ესოდენ ეფექტური, იშვიათად თუ გასულა მატჩის ბოლო წუთებზე. ვიტალი დარასელიამ მაშინ თავისი გოლით შედევრი შექმნა.
დავით ყიფიანი
„ყველაზე საჭირო გოლი საქართველოს ისტორიაში", —
დავით ყიფიანი, თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი.
ალექსანდრე ჩივაძე
„მეორე ტაიმის დამთავრებამდე სულ რამდენიმე წუთიღა რჩებოდა და ჩვენ ქვეცნობიერად უკვე ვემზადებოდით დამატებითი დროისთვის. მაგრამ საჭირო მომენტში ვიტალი დარასელიამ ინიციატივა იგდო ხელთ და მატჩის ბედი მისმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა", — თქვა ერთ–ერთ ინტერვიუში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ.

2

ვიქტორ სანეევი — სამმაგი ნახტომი მარადისობაში

სოხუმის მკვიდრი ვიქტორ სანეევი — ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგი ხტომის მსოფლიო ისტორიაში (1968, 1972, 1976 წლები). მას მეოთხე ოქროს მედლის მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ ვიქტორ სანეევის კარიერაში ბოლო, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პირველ ოლიმპიადაზე, რომელიც 1968 წელს მეხიკოში ჩატარდა, სპორტსმენმა მხოლოდ ოქროს მედალი კი არ მოიპოვა, არამედ ორჯერ ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და საბოლოოდ 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრზე ნახტომით გაიმარჯვა.
თავისი პირველი „ოქროს ოლიმპიადიდან" საქართველოში დაბრუნებულმა სანეევმა ავტომობილი „ვოლგა" შეიძინა, რომელსაც სანომრე ნიშნად 17-39 შეურჩია საკუთარი რეკორდის სიმბოლოდ.

მეგობრებმა გაიხსენეს: ერთხელ მორიგ შეკრებაზე ჩასულ ვიქტორ სანეევს უთხრეს, შენი რეკორდი მოხსნილია, ახალი შედეგი 17 მეტრი და 40 სანტიმეტრია, ახალ რეკორდსმენსაც „ვოლგა" მისცეს, ისიც აქ არისო. ავტოსადგომზე მართლაც იდგა „ვოლგა" სანომრე ნიშნით 17–40. სანეევმა მფლობელი „რეკორდსმენის" გაცნობა მოიწადინა, რომელიც საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცი გამოდგა.

— თქვენია ეს მანქანა? — ჰკითხა ვიქტორმა.

— არა, ჩემი ვაჟისაა, — უპასუხა მამაკაცმა.

— და სად მოხსნა ჩემი რეკორდი? — ნომრებზე მიუთითა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

— არსად, — უპასუხა კაცმა, — ასეთი ნომრები მისცეს „გაი"–ში.

ახლა ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში ცხოვრობს. ოქტომბერში 71 წლისა გახდება. ხანდახან მხტომელებს კონსულტაციას კი უწევს, მაგრამ მაინც ციტრუსების მოვლას ამჯობინებს - ლიმონი, მანდარინი და გრეიპფრუტი მოჰყავს... სოხუმის ნოსტალგიაა.

3


კახა კალაძე — გზა მცველიდან მინისტრობამდე

„მე დიდი გზა გამოვიარე და ბევრს მივაღწიე მიუხედავად იმისა, რომ ღარიბ ქალაქში დავიბადე", — კახა კალაძე.
შეკითხვაზე, ვინ არის კახა კალაძე, საქართველოში, სავარაუდოდ, სამგვარ პასუხს მოისმენთ:

- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

- ერთადერთი ქართველი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა;

- მცველი, რომელმაც ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა საკუთარ კარში.

კახა კალაძე სამტრედიაში დაიბადა და მის პროფესიულ კარიერაში პირველი კლუბიც იგივე სახელწოდებას ატარებდა. რამდენიმე წლის შემდეგ
თბილისის „დინამოში"
გადაიყვანეს, სადაც ოთხი სეზონი გაატარა და გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ამას კიევის „დინამო" მოჰყვა.
უკრაინაში კალაძემ სამი სეზონი ჩაატარა და... სამჯერ გახდა ჩემპიონი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში.
სწორედ კიევში გაიცნო კახამ ანდრეი შევჩენკო, რომელსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის კალაძის „მილანში" გადასვლაში, რომლის შემადგენლობაშიც ცხრა წელი თამაშობდა. ეს მის კარიერაში საუკეთესო წლები იყო.

„მილანის" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის დონეზე ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა: იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

კახა კალაძე მინდორზე 284–ჯერ გავიდა „მილანის" შავ–წითელი მაისურით, 13–ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი და მხოლოდ 29–ჯერ დაიმსახურა ყვითელი ბარათი, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის ძალიან ცოტაა.
კახა კალაძის საფეხბურთო კარიერაში კაზუსებიც იყო. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც 2009 წლის 5 სექტემბერს გაიმართა თბილისში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის, კალაძემ 11 წუთში ორი ავტოგოლი გაიტანა. ის შეხვედრა ასეც დამთავრდა — ანგარიშით 0:2.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კახა კალაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (მეტოქის კარში) ერთადერთხელ გაიტანა გოლი!


4



შოთა არველაძე — გოლებისთვის დაბადებული

„იმის ფუფუნება არ გამაჩნია, რომ თავს შიშის უფლება მივცე", — შოთა არველაძე.
შოთა არველაძეს არასდროს აფრთხობდა ბედისწერის გამოწვევები. თავდამსხმელი ყოველ ახალ ჩემპიონატს ისე უყურებდა, როგორც მორიგ გამოცდასა და თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

შოთა არველაძემ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა - საქართველოში, თურქეთში, ჰოლანდიაში, შოტლანდიასა და ესპანეთში.

თურქული „ტრაბზონსპორის" შემადგენლობაში 1995/1996 წლების სეზონზე არველაძე ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველი ფეხბურთელი მეორე არათურქი სპორტსმენი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

ჰოლანდიაში შოთა „აიაქსის" შემადგენლობაში თამაშობდა. ამ გუნდში მან ოთხი სეზონი გაატარა და 1998 წელს გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

სადაც არ უნდა ჩასულიყო შოთა არველაძე, ყველგან გოლები გაჰქონდა და გაჰქონდა. სწორედ ის იყო პირველი საერთაშორისო გოლის ავტორი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში გაიტანა. ეს 1993 წელს მოხდა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ჩრდილოეთ ირლანდიის „ლინფილდის" წინააღმდეგ თამაშისას.




შოთა არველაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მან 63 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისურს "11" ნომრით, რომლითაც თავდამსხმელი შოთა არველაძე თამაშობდა, ვეღარავინ ჩაიცმევს — ის სამუდამოდ მის მფლობელობაში დარჩება.

პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ შოთა არველაძე მწვრთნელად მოგვევლინა. მან ბევრი წელი გაატარა თურქეთში, ახლა კი ისრაელის „მაკაბის" წვრთნის.


5

ზურაბ ზვიადაური — დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი

საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ოლიმპიურ თამაშებში პირველად მონაწილეობა 1996 წელს მიიღო.
ატლანტის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მწირი „მოსავალი" აიღეს — ორი ბრინჯაო.
ოთხი წლის შემდეგ სიდნეის ოლიმპიადაზე მედლების რაოდენობა გაიზარდა — ექვსი მედალი, თუმცა ყველა ისევ ბრინჯაოსი.
2004 წელი, 8 აგვისტო, ათენი. ეს თარიღი სამუდამოდ, "ოქროს" ასოებით ჩაიწერა საქართველოს ოლიმპიურ ისტორიაში. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ–მდე წონით კატეგორიაში ფინალური შერკინებისას იაპონელი ჰიროსი იძუმი ხალიჩას ბეჭებით გააკრა. ეს პირველი ოლიმპიური ოქრო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ის, რაც იმ მომენტში თბილისსა და მთლიანად საქართველოში ხდებოდა, შეუძლებელია სიტყვით გადმოიცეს!

ეს წლის უმთავრესი გამარჯვება იყო! პეკინის 2008 წლის თამაშებზე ზვიადაურმა კვალიფიკაცია ვერ მიიღო — ოლიმპიურ ნაკრებში ადგილი ირაკლი ცირეკიძეს დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ცირეკიძემაც იმ ოლიმპიადიდან ოქროს მედალი ჩამოუტანა საქართველოს.

გარკვეული დროის შემდეგ ზვიადაური სპორტიდან წავიდა და აქტიურად გადაერთო პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. ახლა ის საქართველოს პარლამენტის წევრია პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობიდან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

6


ნინო სალუქვაძე — გასროლა28-წლიან დისტანციაზე

ნინო სალუქვაძე — ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია.
კირილ ივანოვი
„ნინო ყოველთვის პრიმა იყო და ასეთადაც დარჩება..." —
კირილ ივანოვი, რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტყვიით სროლაში.
19 წლის ნინომ 1988 წელს სეულში, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრზე სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, იქვე აიღო ვერცხლი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაშიც.

გავა 20 წელი და ნინო სალუქვაძე კვლავ ავა გამარჯვებულის კვარცხლბეკზე პეკინის
ოლიმპიადაზე — ამჯერად ბრინჯაოს მედლით, რომელიც პნევმატური იარაღიდან
სროლისთვის დაიმსახურა.

პეკინის ოლიმპიადა 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს — რუსეთ–საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტს დაემთხვა. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ეროვნული ნაკრების უკან გამოწვევაც
კი სურდა ოლიმპიური თამაშებიდან, თუმცა, საბოლოოდ, გადაიფიქრა.

ამ მოვლენების ფონზე სალუქვაძემ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, რასაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ როგემ „ჭეშმარიტი ოლიმპიური სულის გამოვლინება" უწოდა.

ნინო მეორე ადგილზე გასულ ვერცხლისმედალოსან რუს სპორტსმენს ნატალია პადერინას გადაეხვია და ამით მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ნამდვილი სპორტი — ეს სულით ძლიერთა საქმეა და ძალიან შორსაა პოლიტიკისგან.

რიო–დე–ჟანეიროს წლევანდელი ოლიმპიადა სახელგანთქმული სპორტსმენისთვის რიგით მერვე იქნება.

თუმცა ნინო სალუქვაძე მხოლოდ ამ ნიშნით არ შევა ოლიმპიზმის ისტორიაში. რიოში ის საკუთარ
ვაჟთან — ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მიემგზავრება, რომელმაც პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში მოიპოვა ლიცენზია. ეს პირველი შემთხვევაა ოლიმპიადების ისტორიაში, როდესაც მედლებისთვის დედა და შვილი ერთდროულად იბრძოლებენ.

7


ნონა გაფრინდაშვილი — ერთადერთი ქართველი „ოსკაროსანი"



„მამაკაცებს რცხვენიათ ქალთან დამარცხება, თუნდაც ის მსოფლიოს ჩემპიონი იყოს", — ნონა გაფრინდაშვილი.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკში ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არასდროს უდებდა ტოლს და ამიტომ დაფასთან არც დიდოსტატები ავლენდნენ გალანტურობას ქალბატონის წინაშე. ნონა პირველი ქალი იყო, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კი 1962 წლიდან 1978 წლამდე ფლობდა. 1982 წელს გაფრინდაშვილს „საჭადრაკო ოსკარიც" გადაეცა.
ერთხელ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ეროვნულ გუნდთან ერთი მეცნიერი მუშაობდა, რომელიც მოჭადრაკეებს ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებდა. ის ყველას — ქალებსაც და მამაკაცებსაც — ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდა. შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვა, რომ ნონა გაფრინდაშვილისა და მსოფლიოს მერვე ჩემპიონის, მიხაილ ტალის პასუხები 98%-ით ემთხვეოდა ერთმანეთს.

ნონას ძალიან უყვარდა ტალთან ბლიც–მატჩების თამაში. ხანდახან უგებდა კიდეც, თუმცა საერთო ანგარიშის მაჩვენებელი მიხაილ ტალის სასარგებლოდ იყო. ერთხელ ნონამ უთხრა, მიშა, შენთან, ალბათ, მაშინ სჯობს თამაში, როცა ნასვამი ხარო. და მართლაც ერთხელ მოხდა ისე, რომ ქართველმა მოჭადრაკემ გროსმაისტერი ნასვამი „გამოიჭირა". აი, რას ჰყვება ნონა იმ პარტიაზე:

„ეს წარმოუდგენელი პარტია იყო! ნასვამი ისე თამაშობდა ბლიცს, რომ შედარებაც კი შეუძლებელია! ეს არასდროს დამავიწყდება, რადგან მისი ჩვეულებრივ მდგომარეობაში თამაში არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის ნასვამი აკეთებდა! ბრწყინვალედ თამაშობდა, შეწირვებით, ლამაზად".

ცოტა ხნის წინ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 75 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მაია ჩიბურდანიძე — ნონას მემკვიდრე

„ქალები მამაკაცებზე უარესად იმიტომ თამაშობენ, რომ გადაბმულად 5 საათის განმავლობაში ჩუმად ყოფნა უჭირთ", — მაია ჩიბურდანიძე.
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილმა საჭადრაკო გვირგვინი მეორე ქართველს — მაია ჩიბურდანიძეს გადააბარა. მაია ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონად იქცა. მაშინ ის სულ 17 წლისა იყო. ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ლიდერის ტიტულს მაია 13 წლის
განმავლობაში — 1991 წლამდე ინარჩუნებდა.
მაია ჩიბურდანიძეს ეკუთვნის კიდევ ერთი მიღწევა — ის ერთადერთი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია ჭადრაკში. ძალიან ბევრი ექსპერტის აზით, ჩიბურდანიძის თამაშმა ქალთა ჭადრაკი სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
ყველაფერი წინაა! ქართული სპორტის მომავალი
რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები წარადგენს. ოლიმპიური ნაკრების წევრთაგან ბევრი 25 წლისაც კი არ არის. სალომე ფაჟავა, ცოტნე მაჭავარიანი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით ხარაზიშვილი, ანასტასია გოტფრიდი, სანდრო ბაზაძე და ბევრი
სხვა — ეს ქართული სპორტის იმედი და ის მომავალია, რომლითაც ვიამაყებთ.
წარმატებები რიოში!!!
Sputnik საქართველო