ჩოხა ჰოლივუდში: ქართული სტილი მსოფლიოს იპყრობს
რთული ორნამენტები, ხელით ნაქარგობა, სისადავე, დახვეწილობა – ქართული სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალურობითა და თვითმყოფადობით. ეს ერთგვარი ეთნომიქსია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მთელი თავისი დიდებულებით მოაღწია ჩვენამდე.

ქართველი მოდელიერები მოდაში შემოდიან – ქართული სტილი პლანეტას იპყრობს
ადამიანები შავებში
არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მოსახლეობა შავი ფერისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა.
ჰო, მართლა, რაც შეეხება ფერს…

ერთნი ამას ერთგვარი გენეტიკური კოდით ხსნიან, რომელიც ჩვენში საუკუნეების განმავლობაში გარდახდილი არაერთი ომით ჩაისახა. მეორენი ამბობენ, რომ შავი ფერი ყველაფერს უხდება, რაც ეკონომიურიცაა, მოხარხებულიც და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანს გამხდარს აჩენს.

ასე თუ ისე, შავი ფერი საქართველოში მაინც ტრენდშია და დიზაინერებიც იყენებენ მას საკუთარ კოლექციებში.

ქართული სტილის მთავარი საიდუმლო – ფაქტურის, აქსესუარების, ტონებისა და ფერების შეხამების თანდაყოლილი უნარია.
მოდური მოგზაურობა გიორგი შაღაშვილთან ერთად
შავი ფერისადმი სიყვარულით ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი გამოირჩევა.

ის მოხერხებულად ახამებს შავ სამოსს ხან იაპონურ, ხან კი აფრიკულ მოტივებს, რაც მის კოლექციებს განუმეორებლობას ანიჭებს.

გიორგის მოგზაურობა უყვარს და თაყვანისმცემლებს თავისი კოლექციებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას აზიარებს. თუმცა არასდროს ავიწყდება სამოსში რაიმე ქართულის შეტანა.
ქართული მოდის პიონერი
A V T A N D I L
ავთანდილ ცქვიტინიძე – ამ სახელს მოდის სამყაროში (და არა მარტო მოდის) კარგად იცნობენ. ის ერთ-ერთია იმ დიზაინერთა შორის, რომლებმაც თანამედროვე ქართული მოდის განვითარებას დაუდეს სათავე.

ფაბრიკა „იმერეთში" შექმნილი პირველი კოლექცია თბილისში 1998 წელს წარმოადგინა, როცა საქართველო ის-ის იყო გამოდიოდა მძიმე 90-იანებიდან.

მაშინ მოდისთვის არავის ეცალა, გარდა ავთანდილისა, რომელიც, მიუხედავად იმ ბნელი წლების უპერსპექტივობისა, არ ნებდებოდა და მაინც ქმნიდა. არც წაუგია. დღეს მას პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში იცნობენ.

AVTANDIL-ის მარკით შეკერილი სამოსი თვალისმომჭრელია და დასამახსოვრებელი.

სოფო გონგლიაშვილის ეთნომოტივები
ქართული მოტივები – ეს წარსულის აწმყოსთან შეხვედრაა, ტრადიციების შერწყმაა თანამედროვეობასთან. ეთნომოტივები პოპულარულია სამოსშიც, სამკაულებშიცა და ინტერიერშიც. ქართველი დიზაინერები მოხერხებულად იყენებენ ეთნიკურ სტილს საკუთარ კოლექციებში, რითიც ისტორიას აცოცხლებენ.

ქართველი დიზაინერის სოფო გონგლიაშვილის სამკაულების კოლექცია გულგრილს არავის ტოვებს. ვერცხლი, ქვები, ტიხრული მინანქარი – ეს ყველაფერი ფრიად უცნაური ფორმის სამკაულებად იყრის თავს, რომლებიც ხან ხმალს ჩამოჰგავს, ხან ყვავილის ფორმა აქვს და ხანაც გულისა. ეს ნატიფი ნაკეთობები ერთი შეხედვით იტაცებს მზერას. სხვათა შორის, ცნობილი მომღერალი ალიშა კიზიც მყისიერად მოიხიბლა სოფოს სამკაულებით.
აკა ნანიტაშვილის ნაქარგობა და სინატიფე
მოდა იცვლება, სტილი კი რჩება. აი, მაგალითად, დიზაინერ აკა ნანიტაშვილის ქართული სტილის ელემენტებით დამშვენებული თანამედროვე სამოსი – ოვალურმოსასხამიანი და ყვავილებით მოქარგული დახვეწილი კაბებია. მისი კოსტიუმები იმის შესახსენებლად გამოდგება, თუ რა ეცვათ ქართველ ქალებს საუკუნეების განმავლობაში.
ჩოხები ჰოლივუდში!
დევიდ კომა
და, აი, ერის სიამაყეც – საქვეყნოდ სახელგანთქმული ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, რომელსაც უფრო ფსევდონიმით იცნობენ – დევიდ კომა.

ჩოხის თემატიკა ერთ-ერთ უკანასკნელ კოლექციაში გამოიყენა. ის იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ მაშინვე მიიპყრო ქალების ყურადღება და ჰოლივუდის ლამის მთელმა ქალურმა შემადგენლობამ ჩაიცვა. თუმცა პირველი მათ შორის ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი გახლდათ.

ლალო და ნინო დოლიძეების კახური მოტივები
აბა, რას იტყვით ყურძნის მტევნების მსგავს ნაქსოვ კარდიგანებსა და პალტოებზე? ეს ნამდვილი ჯადოსნობაა! იმიტომ რომ მაშინვე ღვინის სამშობლოსკენ — კახეთისკენ მიგაპყრობინებთ მზერას, მისი ვენახებისა და უნიკალური ღვინის მარნებისკენ.

ამ ულამაზესი მხარის მოტივების სამოსზე გადატანის იდეა ტყუპ დიზაინერებს ლალო და ნინო დოლიძეებს გაუჩნდათ. დები ისე მოხიბლა კახურმა პეიზაჟებმა, რომ გადაწყვიტეს, საკუთარ კოლექციაში გაეცოცხლებინათ ისინი.
ქეთი ჩხიკვაძის
ცივილიზაციების გზაჯვარედინი
ქეთი ჩხიკვაძის სამოსი – აღმოსავლურისა და დასავლურის ფაქიზი თანხვედრაა, ორ სამყაროში ერთდროულად ცხოვრებაა, რომლებიც ერთბაშად შორსაცაა ერთმანეთისგან და თან ძალიან ახლოსაც. ამბობენ, რომ ქეთის სამოსის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი თავად შეიხი მოზა გახლავთ.
ფესვებთან დაბრუნება – მონაზონი სიდონია
ეროვნული ორნამენტები იმ ფესვებთან გვაბრუნებს, რომლებსაც ქართველები გენეტიკურ დონეზე შევიგრძნობთ, ხოლო უცხოელები ისე აღიქვამენ, როგორც სიბრძნის, სილამაზისა და სიძლიერის უძველეს სიმბოლოებს. ეს ყველაფერი ჭარბადაა მონაზონ სიდონიას ნამუშევრებში. ნატურალური ქვებით შემკული
მისი თმის სამაგრები, სამაჯურები თუ საყურეები ქალის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.
რევოლუციონერი დიზაინერი დემნა გვასალია
მიუხედავად იმისა, რომ „მოდის ოსკარის" მფლობელ დემნა გვასალიას კოლექციებში პრაქტიკულად შეუძლებელია ქართული ელემენტების პოვნა, მას გვერდს ვერფარით ავუვლით. ეს პირველი დიზაინერია მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც მოდის სამყაროში არსებული უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა.
მოდაში ფეხს იდგამენ
LIKAFORLIKA
ნამდვილად დასამახსოვრებელი ბრენდი. ბოტფორტები, ნატურალური ქსოვილის კაბები, გამჭვირვალე და ბადიანი სამოსი – ამ ბრენდის ახალი კოლექცია ღირსეულ ადგილს დაიკავებს გარდერობში.
ლიკა ალადაშვილმა ბრენდი მოსკოვში დააარსა და ახლა LIKAFORLIKA მარკის ტანსაცმელი, გარდა იმისა,
რომ საქართველოში იყიდება, ქეთა თოფურიასა და ნასტასია სუმბურსკაიას გარდერობებშიც ინახება.
Mach & Mach
დიზაინერმა დებმა გვანცა და ნინო მაჭარაშვილებმა ორიგინალური და ლამაზი სამოსით არაერთი უცხოელი ვარსკვლავის ყურადღება მიიქციეს. მათ შორის კეტი პერისა, რომელიც ბრენდ Mach & Mach-ის სამოსით რამდენჯერმე გამოვიდა საკუთარ კონცერტებზე.
You gotta love yourself – უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი!
ასე იშიფრება ბრენდის დასახელების აბრევიატურა. U.G.L.Y.-ს სამოსში ერთმანეთს სტრიტ-სტაილი, მოდერნი და კლასიკა ერწყმის. ბრენდის განსაკუთრებული ნიშანი ინტელექტუალური მოდის მიმდევრობაა: კონცეპტუალური თარგი, შავი ფერი ქსოვილის სხვადასხვა ფაქტურაზე, ტყავი და ბეწვი.
დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის
ატელიეში ნაქარგებით, ქვებითა და ორიგინალური ორნამენტებით შემკული სამოსია გამოფენილი. აქ ულამაზესი, საღამოსა და საქორწილო კაბები იკერება. ბრენდს საკუთარი ემბლემა აქვს, რომელსაც ზოგ კაბასა თუ ფეხსაცმელზე აღბეჭდავენ ხოლმე.
ქორწილი Samoseli Pirvel-თან ერთად
ქორწილში ეროვნული სამოსის ჩაცმა კარგი ტონია. ამაზე მოდების სახლ „სამოსელი პირველში" ზრუნავენ. თუმცა იქ მარტო საქორწილო კი არა, სხვა საზეიმო ღონისძიებებისთვის შესაფერის კოსტიუმებსაც ნახავთ.
Shoesofrenia -
hand made shoe

ფეხსაცმლის ეს ქართული ბრენდი განსაკუთრებული სტილით იქცევს ყურადღებას. Shoesofrenia – პირველი ბრენდია, რომელიც ქართულ სტილში კერავს ჩექმებს. ანუ ისინი ფორმით მეტად ჩამოჰგავს „აზიურებს" ქართველი კაცების ფეხსამოსს გასულ საუკუნეებში.
მოდური კოლექციები
MATÉRIEL
მოდების სახლი MATERIEL ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს საკუთარი სეზონური და მინი-კოლექციების შექმნის საშუალებას აძლევს. დღეისათვის MATERIEL-სთვის მუშაობენ ლიკა ჩიტაია, ალექსანდრა ახალკაციშვილი და ლადო ბოკუჩავა.


Co.Mode
მოდების სახლი Co. Mode 50-ზე მეტი ადგილობრივი დიზაინერის სამოსსა და აქსესუარებს წარმოადგენს, რომლებიც ონლაინ შეგიძლიათ იხილოთ
„ფეისბუქის" გვერდზე.




პარიზი-მილანი-ნიუ-იორკი-თბილისი
თბილისი ყოველწლიურად მასპინძლობს ორ მსხვილ მოდურ ღონისძიებას. Tbilisi Fasion Week ტრადიციულად
გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება, ხოლო მაისში საერთაშორისო მოდის კვირეულების სერია
Mercedes-Benz Fasion Week იღებს სტარტს.
თუ რაღაც უცხოსა და ორიგინალურს ეძებთ, მაშინ ქართული სტილი სწორედ თქვენთვისაა.

თუ გაინტერესებთ, რომელი დიზაინერის სამოსი სად შეგიძლიათ შეიძინოთ, მიყევით ბმულს.

„Sputnik-საქართველო" გისურვებთ ლამაზ
და კაშკაშა დღეებს!



Sputnik-Georgia