შავი ფერისადმი სიყვარულით ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი გამოირჩევა. ის მოხერხებულად ახამებს შავ სამოსს ხან იაპონურ, ხან კი აფრიკულ მოტივებს, რაც მის კოლექციებს განუმეორებლობას ანიჭებს. გიორგის მოგზაურობა უყვარს და თაყვანისმცემლებს თავისი კოლექციებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას აზიარებს. თუმცა არასდროს ავიწყდება სამოსში რაიმე ქართულის შეტანა. |
ავთანდილ ცქვიტინიძე – ამ სახელს მოდის სამყაროში (და არა მარტო მოდის) კარგად იცნობენ. ის ერთ-ერთია იმ დიზაინერთა შორის, რომლებმაც თანამედროვე ქართული მოდის განვითარებას დაუდეს სათავე. ფაბრიკა „იმერეთში" შექმნილი პირველი კოლექცია თბილისში 1998 წელს წარმოადგინა, როცა საქართველო ის-ის იყო გამოდიოდა მძიმე 90-იანებიდან. მაშინ მოდისთვის არავის ეცალა, გარდა ავთანდილისა, რომელიც, მიუხედავად იმ ბნელი წლების უპერსპექტივობისა, არ ნებდებოდა და მაინც ქმნიდა. არც წაუგია. დღეს მას პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში იცნობენ. AVTANDIL-ის მარკით შეკერილი სამოსი თვალისმომჭრელია და დასამახსოვრებელი. |
![]() | ![]() |
ქართული მოტივები – ეს წარსულის აწმყოსთან შეხვედრაა, ტრადიციების შერწყმაა თანამედროვეობასთან. ეთნომოტივები პოპულარულია სამოსშიც, სამკაულებშიცა და ინტერიერშიც. ქართველი დიზაინერები მოხერხებულად იყენებენ ეთნიკურ სტილს საკუთარ კოლექციებში, რითიც ისტორიას აცოცხლებენ. ქართველი დიზაინერის სოფო გონგლიაშვილის სამკაულების კოლექცია გულგრილს არავის ტოვებს. ვერცხლი, ქვები, ტიხრული მინანქარი – ეს ყველაფერი ფრიად უცნაური ფორმის სამკაულებად იყრის თავს, რომლებიც ხან ხმალს ჩამოჰგავს, ხან ყვავილის ფორმა აქვს და ხანაც გულისა. ეს ნატიფი ნაკეთობები ერთი შეხედვით იტაცებს მზერას. სხვათა შორის, ცნობილი მომღერალი ალიშა კიზიც მყისიერად მოიხიბლა სოფოს სამკაულებით. |
მოდა იცვლება, სტილი კი რჩება. აი, მაგალითად, დიზაინერ აკა ნანიტაშვილის ქართული სტილის ელემენტებით დამშვენებული თანამედროვე სამოსი – ოვალურმოსასხამიანი და ყვავილებით მოქარგული დახვეწილი კაბებია. მისი კოსტიუმები იმის შესახსენებლად გამოდგება, თუ რა ეცვათ ქართველ ქალებს საუკუნეების განმავლობაში. |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
და, აი, ერის სიამაყეც – საქვეყნოდ სახელგანთქმული ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, რომელსაც უფრო ფსევდონიმით იცნობენ – დევიდ კომა. ჩოხის თემატიკა ერთ-ერთ უკანასკნელ კოლექციაში გამოიყენა. ის იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ მაშინვე მიიპყრო ქალების ყურადღება და ჰოლივუდის ლამის მთელმა ქალურმა შემადგენლობამ ჩაიცვა. თუმცა პირველი მათ შორის ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი გახლდათ. |
აბა, რას იტყვით ყურძნის მტევნების მსგავს ნაქსოვ კარდიგანებსა და პალტოებზე? ეს ნამდვილი ჯადოსნობაა! იმიტომ რომ მაშინვე ღვინის სამშობლოსკენ — კახეთისკენ მიგაპყრობინებთ მზერას, მისი ვენახებისა და უნიკალური ღვინის მარნებისკენ. ამ ულამაზესი მხარის მოტივების სამოსზე გადატანის იდეა ტყუპ დიზაინერებს ლალო და ნინო დოლიძეებს გაუჩნდათ. დები ისე მოხიბლა კახურმა პეიზაჟებმა, რომ გადაწყვიტეს, საკუთარ კოლექციაში გაეცოცხლებინათ ისინი. |
![]() | ![]() | ![]() |
ქეთი ჩხიკვაძის სამოსი – აღმოსავლურისა და დასავლურის ფაქიზი თანხვედრაა, ორ სამყაროში ერთდროულად ცხოვრებაა, რომლებიც ერთბაშად შორსაცაა ერთმანეთისგან და თან ძალიან ახლოსაც. ამბობენ, რომ ქეთის სამოსის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი თავად შეიხი მოზა გახლავთ. |
ეროვნული ორნამენტები იმ ფესვებთან გვაბრუნებს, რომლებსაც ქართველები გენეტიკურ დონეზე შევიგრძნობთ, ხოლო უცხოელები ისე აღიქვამენ, როგორც სიბრძნის, სილამაზისა და სიძლიერის უძველეს სიმბოლოებს. ეს ყველაფერი ჭარბადაა მონაზონ სიდონიას ნამუშევრებში. ნატურალური ქვებით შემკული მისი თმის სამაგრები, სამაჯურები თუ საყურეები ქალის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. |
მიუხედავად იმისა, რომ „მოდის ოსკარის" მფლობელ დემნა გვასალიას კოლექციებში პრაქტიკულად შეუძლებელია ქართული ელემენტების პოვნა, მას გვერდს ვერფარით ავუვლით. ეს პირველი დიზაინერია მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც მოდის სამყაროში არსებული უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა. |
![]() | ![]() | ![]() |