სიყვარული
ქართული აქცენტით
ყველა ქვეყანას აქვს ისეთი ადათ-წესები და ტრადიციები, რომლებიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ერთადერთი, რაც საერთოა — ეს სიყვარულია, ოღონდ სხვადასხვაგვარად გამოხატული.
საქართველო სიყვარულით პირთამდე სავსე ქვეყანაა.
ჩვენ სიყვარულის ქალაქად აღიარებული სიღნაღიც გვაქვს
და შეყვარებულებისთვის დადგმული ძეგლიც ბათუმში.

თუმცა არც თბილისია სიყვარულით ნაკლებ გაჯერებული. ქალაქის ძველ უბნებში თუ გაისეირნებთ, უამრავ სახალხოდ გამოფენილ სიყვარულის ახსნას გადააწყდებით, რომელთა ავტორებს ვინაობა
კი დაუმალავთ, მაგრამ გრძნობა საქვეყნოდ გაუზიარებიათ.
როგორ უყვარდათ საქართველოში
ძველი თბილისის ვიწრო ქუჩაბანდებისა თუ მოედნების მეხსიერებას დღემდე შემორჩენია ამბავი ღატაკი მხატვრისა, რომელმაც ერთ დღეს დუქანი გაყიდა და აღებული ფულით მართლაც მეფური საჩუქარი მიართვა საყვარელ ქალს: უამრავი ყვავილით „მოქარგა" ქუჩა იმ სასტუმროს წინ, სადაც მისი სატრფო, ტფილისში წარმოდგენების გასამართად ჩამოსული აქტრისა მარგარიტა ცხოვრობდა.

ამ ქალაქს სხვა უამრავი სასიყვარულო ისტორიის გახსენებაც
შეუძლია — ბედნიერისაც და უბედურისაც.
გალაკტიონი და მერი
გალაკტიონ ტაბიძე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაბადებული ღარიბი პოეტი იყო, მერი შერვაშიძე — თავადის ქალი და რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცის, ალექსანდრას ფრეილინა, სამეფო კარის პირველი ლამაზმანი, მერე კი კოკო შანელის მოდელი.

ყმაწვილმა გალაკტიონმა მერის პირველად პარკში მოჰკრა თვალი. ქალმა ისე ჩაუარა გვერდით ღარიბ პოეტს, რომ არც კი შეუხედავს, თავიც კი არ მიუბრუნებია მისკენ. კაცს კი უგონოდ შეუყვარდა და ეს გრძნობა კუბოს კარამდე მიიტანა.
1915 წელს გალაკტიონმა სატრფოს ლექსების ციკლი მიუძღვნა, რომელთაგან ყველაზე სიმბოლური და ცნობილი გახდა ლექსი „მერი".

თავად შერვაშიძეების ასულს ეს ლექსი არასდროს წაუკითხავს — იმპერატრიცა ალექსანდრას ფრეილინამ მშობლიური ქართული ენა არ იცოდა. და, რაც მთავარია, სხვა კაცი უყვარდა — საკუთარი მეუღლე, თავადი გიორგი ერისთავი.
კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი
ქალი — ცნობილი მსახიობი, კაცი — საქვეყნოდ ცნობილი სპორტული კომენტატორი და თეატრის მსახიობი. სოფიკო ჭიაურელმა და კოტე მახარაძემ
30 წელი იცხოვრეს ერთად.

მათი სიყვარული თეატრში ჩაისახა. ერთ-ერთ სპექტაკლში კოტე და სოფიკო შეყვარებულებს თამაშობდნენ. იმ დროს არც ერთი მათგანი არ იყო თავისუფალი —ორივე დაოჯახებული გახლდათ. მაგრამ სიყვარულმა
მაინც მთელი ძალით იფეთქა მათ გულებში.
„სამოცდაათიან წლებში მარჯანიშვილის თეატრში რეპეტიციები გვქონდა სპექტაკლისა, რომელშიც მე და სოფიკო შეყვარებულებს ვთამაშობდით. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ სპექტაკლის გმირების ტექსტი უცნაურად ემთხვეოდა ჩემს იმწამიერ სურვილს: მინდოდა მივსულიყავი სცენაზე მდგომ სოფიკოსთან, მოვხვეოდი და მეკოცნა მისთვის. რაღაც დროის მერე ორივენი მივხვდით, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო", — იხსენებდა კოტე მახარაძე.

სპორტული ღონისძიებების რეპორტაჟებში, რომლებსაც ლამის მთელი მსოფლიო უსმენდა, კოტე მახარაძე შენიღბული ტექსტებით უნიშნავდა სოფიკო ჭიაურელს პაემანს, რომელიც მოგვიანებით გამოტყდა, კოტეს გარეშე სამი დღით გაძლებაც კი მიჭირდაო...
ნინო რამიშვილი და
ილიკო სუხიშვილი
ნინო და ილიკო ცეკვამ დააკავშირა. სწორედ ცეკვიდან დაიწყო მათი ნაცნობობა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზარდა და რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა.

მათი ვინაობა და ისტორია საქართველოში აბსოლუტურად ყველამ იცის. უფრო მეტიც: გვარები სუხიშვილი და რამიშვილი
ნამდვილ ბრენდად იქცა არა მხოლოდ ჩვენ
ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.
საოცარი წყვილი იყო. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და ხშირი გასტროლებისა, ცოლ-ქმარი ყოველთვის პოულობდა ერთმანეთზე ზრუნვის დროს.

ნინოს დილა, როგორც წესი, სიგარეტით იწყებოდა. ამიტომ ილიკო, უზმოზე რომ არ მოეწია, დილაობით ლანგარზე დალაგებულ რძესა და ყავას მიართმევდა ხოლმე მეუღლეს. ერთად ცხოვრების 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთადერთხელ დაარღვია ეს ტრადიცია — თავისი გარდაცვალების დღეს…

იქნებ საოცარია, მაგრამ ნინოსა და ილიკოს, რომლებმაც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს ერთ ოჯახად, ხელი მოწერილი არ ჰქონდათ.

„მძულს ეს საქორწინო ბიუროები და უცხო, გაბოროტებული ქალები, ყალბად რომ გილოცავენ დაოჯახებას. თვითონ სიტყვა „რეგისტრაციაც" კი მაგიჟებს!" — ამბობდა ნინო რამიშვილი.
შეჩერდი, წამო...
ჩვენში ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულის აპოთეოზად საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა „ვეფხისტყაოსნის" გმირების ტრფობა.
ამ უკვდავი პოემიდან სასიყვარულო ამონარიდებით გრძნობებში გამოტყდომა ძალზე გავრცელებული და მიღებული იყო საქართველოში.

ოღონდ, ფარულადა და მალვით, ვინაიდან გრძნობების სახალხოდ გამოვლენა სასირცხვილოდ მიიჩნეოდა. მით უმეტეს, რომ მოტრფიალე ძალზე ხშირად ვერც ქორწინდებოდა იმაზე, ვისაც გული წარეტაცა მისთვის. გასათხოვარი ქალისა თუ დასაქორწინებელი ვაჟის ბედი ან დაბადებისთანავე წყდებოდა ეგრეთ წოდებული აკვანში დაწინდვით, ან სიყმაწვილეში — მაჭანკლობითა და გარიგებით.

თუმცა, მთაში არსებობდა გამონაკლისი ტრადიციაც: წაწლობისა
და სწორფრობისა. ხევსურ და ფშაველ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, თავად აერჩიათ სწორფერი თუ წაწალი და, გარკვეული ნორმების დაცვით, კიდეც შეხვედროდნენ და კიდეც მიალერსებოდნენ ერთურთს.

სიყვარული არის...
მოსაწყენმა და პროზაულმა მეცნიერებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ სიყვარული — ეს მხოლოდ
და მხოლოდ ჰორმონალური პროცესია
და მეტი არაფერი. მაგრამ ადამიანებს
სასწაულებისა სჯერათ
და მაინც ეძებენ სიყვარულს — აქცენტითა
თუ უაქცენტოდ.
Sputnik - Georgia
Made on
Tilda