როგორ იდგამდა ფეხს ქართული სამკაული „ოქრომრავალი კოლხეთი", „ოქროს საწმისის სამშობლო" - ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ბერძნები ოქროთი მდიდარ კოლხეთს უკვე ძვ.წ. V-IV საუკუნეებში. "კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით გვიხსნის იასონის ლაშქრობის საბაბს", - წერდა სტრაბონი თავის გეოგრაფიაში. თუმცა კოლხთა ოქრომრავალ სამეფომდე დიდი ხნით ადრე ქართველი ტომების საოქრომჭედლო ტრადიციებზე ყორღანული სამარხების არქეოლოგიური ნიმუშები გვიამბობენ, ეს კი ძველი წელთაღრიცხვით მე-2–მე-3 ათასწლეულებია. არქეოლოგთა თქმით, ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები იმდენად დახვეწილია, რომ ეს საოქრომჭედლო სკოლების მანამდე არსებობაზე მიუთითებს, იქ აღმოჩენილი სამკაულები საოქრომჭედლო ხელოვნების ნამდვილ შედევრებს წარმოადგენს. |
საყურე-სასაფეთქლე და ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის გაგვეცოცხლებინა ამ სამკაულების მატარებელი კოლხი ქალის მოდელი: ეს ცნობილი საყურე-სასაფეთქლეა, რომელზეც კოლხური და აქემენიდური ტრადიციები ჰარმონიულად ერწყმის. ის ახალგორის განძიდანაა და ძვ.წ. IV საუკუნით არის დათარიღებული. სასაფეთქლე მცენარეული და გეომერტიული მოტივებით შემკული ფირფიტებითა და ცვარათი გაფორმებული ცხენების ფიგურებისგან შედგება. ახალგორის განძიც უდაოდ წარჩინებული ქალბატონის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. |